16 ნოემბერი 2024,   21:59
ვრცლად
კახეთში უკვე 146 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რთველის და ყურძნის გადამუშავების პროცესს პრემიერი დღეს ადგილზე გაეცნო

კახეთში ათასობით მეღვინე ყურძნის ჩაბარების ფასით კმაყოფილია. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაც დაიწყო, მევენახეების შემოსავალიც გაიზარდა. შემოსავალი გაეზარდათ კომპანიებსაც, რომლებიც წელს კახეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოსავალს ელოდებიან.

ამ დროისთვის, მოსავალი 12 000-ზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ გადამუშავებული საფერავის რაოდენობა უკვე 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე კახეთში უკვე 146 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. 2024 წელს, ყურძნის რეკორდულ მოსავალს - 300 ათას ტონას ელოდებიან.

კახეთში ჩავიდა და შტაბის მუშაობას ადგილზე გაეცნო დღეს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ყურძნის ჩაბარების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება.

თელავიდან პრემიერ-მინისტრმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა, სადაც მევენახეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მათ ხელისუფლების სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ირაკლი კობახიძემ ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი "საწნახელი" და "მილდიანის" ღვინის ქარხანაც დაათვალიერა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.

ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად იბარებს, იმ მევენახეებს კი, რომლებსაც სუბსიდირებამდე ყურძენი ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული, სხვაობას საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს.

დღის ამბები