03 ივლისი 2024,   12:49
ვრცლად
"სომხეთის ჰიმნი უნდა შეიცვალოს - შესაცვლელია გერბიც, მასზე გამოსახული ლომი Facebook-ის "ემოჯის" არ უნდა ჰგავდეს" - სომხეთში ეროვნული სიმბოლოების შეცვლაზე მსჯელობენ

ჩემთვის ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკის [ეროვნული] ჰიმნი, ადრე თუ გვიან, უნდა შეიცვალოს - ის უნდა იყოს სომხური, ჰქონდეს კავშირი ჩვენს სახელმწიფოსთან, სომხურ მუსიკასთან და შეესაბამებოდეს ჰიმნის წესებს, - აცხადებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ალენ სიმონიანი.

„არ ვამტკიცებ, რომ ის უნდა ჩანაცვლდეს დიდი [სომეხი კომპოზიტორის] არამ ხაჩატურიანის მუსიკით, რომელიც, ჩემი აზრით, ბრწყინვალე, უბადლო და მაქსიმალურად სომხურია, მაგრამ არსებული, უცხოეთში დაბადებული ჰიმნის შეცვლის აუცილებლობა აშკარა“, - აღნიშნავს სიმონიანი.

ის გერბის შეცვლის საკითხზეც საუბრობს.

„ჩემი აზრით, უნდა ვიმსჯელოთ გერბის შეცვლის საკითხზეც. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი არ შეიძლება იყოს წყლის ქვეშ (როგორც ეს გერბზეა გამოსახული), რაც კაცობრიობის სასჯელი იყო. ლომი არ შეიძლება იყოს Facebook-ის სიმბოლოსავით (ე.წ. "ემოჯივით"), ხოლო ხმალი, რომელიც სომხეთის დასაცავადაა, არ შეიძლება იყოს ჯაჭვით დაბმული“, - აცხადებს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე.

სომხეთის ახლანდელი ჰიმნი "ჩვენი სამშობლო" 1991 წელს დამტკიცდა. მას საფუძვლად დაედო მიკაელ ნალბანდიანის ლექსი "იტალიელი გოგონას სიმღერა". მუსიკის ავტორია ბარსეგ კანაჩიანი. რაც შეეხება სომხეთის გერბს - მის ცენტრში არის ფარი, რომელზეც გამოსახულია არარატი, მწვერვალზე ნოეს კიდობნით. ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია გაფრენილი ორთავიანი არწივი; ზედა მარცხენა კუთხეში — ლომი ჯვართან ერთად; ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია გვირგვინოსანი სპილენძისფერი ლომი ჯვრით დაგვირგვინებული კვერთხით; ქვედა მარცხენა კუთხეში — ორი სპილენძისფერი არწივი. ფარის ქვეშ გამოსახულია ხორბლის თავთავები და შეკრული ბუმბულები, მათ შორის კი ხმალია მოთავსებული ვადით ქვევით, რომელზეც გაწყვეტილი ჯაჭვია მიმაგრებული.

დღის ამბები