ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებლებს. მეწყერმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ერთი ხიდი.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, შესაბამისი სამსახურები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახო ბერიძის განცხადებით, 43 ოჯახი დროულად გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას და ამ ეტაპზე არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო რეჟიმში გრძელდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.
ასევე, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130 ოჯახი ქედასა და შუახევში.