27 ივლისი 2024,   03:39
ვრცლად
300 000 ასანთის ღერისგან აგებული 3 მეტრიანი რაკეტა და მუშაობის 365 დღე - ქართველი კონსტრუქტორი შესაძლოა გინესის რეკორდსმენი გახდეს

300 000 ასანთის ღერი, სიმაღლე 3 მეტრი და მუშაობის 365 დღე - ეს ილონ მასკის სტარშიპის რაკეტის ზუსტი ანალოგია, რომელიც 20 წლის ალექსანდრე აბუსელიძემ შექმნა.

რაკეტის დამჭერი მექანიზმები, ლიფტის იმიტაცია და მაკონტროლებელი პუნქტები - ბათუმელმა კონსტრუქტორმა, ასანთის ღერების რაოდენობით, მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტა დაამზადა.

ამ ნივთებს 5 წლის წინ დაუმეგობრდა, მას შემდეგ რაც "იუთუბზე" ვიდეო ნახა, სადაც ასანთის ღერებით სახლების მაკეტებს ამზადებდნენ, მისი პირველი ნამუშევარიც საზაფხულო სახლია.

სამუშაო მაგიდასთან, ასანთის ღერებით და სხვა საჭირო ნივთებით, დღეში, მინიმუმ სამ საათს ატარებს და როგორც თავად ამბობს, ასე ისვენებს. წლებთან ერთად კონსტრუქციებიც დახვეწა და ახლა ზუსტად იცის, რა არის მთავარი, რომ ნამუშევარი კარგი გამოვიდეს.

სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტმა, ყველაზე მასშტაბურ კონსტრუქციაზე მუშაობა უკვე დაასრულა, იცის რა იქნება შემდეგი.

ვიდრე ალექსანდრეს ნამუშევრები თავს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოიყრის, ისინი სხვადასხვა შენობას ალამაზებენ. პირველმა ყველაზე მასშტაბურმა კონსტრუქციამ კი, საპატიო ადგილი ასანთის ღერების კონსტრუქტორის სკოლის ბიბლიოთეკაში, 4 წლის წინ დაიკავა.

100 000 ასანთის ღერისგან დამზადებული საკრუიზო ლაინერი კი, ჯერჯერობით ბათუმის მერიაში დგას.

ასანთის ღერების ბათუმელი არქიტექტორის საყვარელი ადგილი სანაპიროა, ხშირად ინსპირაციის მთავარი წყაროც. 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები