29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
აღმოჩნდება თუ არა ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობა - მგზავრთა ნივთების შემოწმება ქუთაისის აეროპორტში გამოძიების ფარგლებში გრძელდება

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. მიზეზი, ბორტზე, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. 

განხორციელდა ბორტის მიღება და ყველა მგზავრის ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. თვითმფრინავში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები ბორტზე ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი დაახლოებით 1 საათის წინ დაეშვა. მგზავრებს ევაკუაციის შემდეგ, არ მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი ნივთები გადმოეტანათ - ამ წუთებში შემოწმება სწორედ მგზავრების ნივთებს უტარდებათ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რათა ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდეს და დროულად მოხდეს მგზავრების გაფრენა დანიშნულების მიმართულებით.

"ავიაკომპანია Wizzair-ის ეკიპაჟისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდზე, სავარაუდოდ, იყო ასაფეთქებელი ნივთიერება, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება უკან სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილი იქნა შესაბამისი პროცედურის მიხედვით ყველა შესაბამისი სამსახური. ბორტი მივიღეთ, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აქ ჩვენი კომპეტენცია წყდება და უკვე ყველა შესაბამისი უწყება და ორგანო მობილიზებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები აღნიშნული ინციდენტის პრევენციისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს მშვიდობიანად და დროულად შევძლოთ მგზავრების გაფრენა დანიშნულების მიმართულებით", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

შეგახსენებთ, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება გაავრცელა აეროპორტების გაერთიანებამ.

დღის ამბები