27 ივლისი 2024,   04:12
ვრცლად
მოწმემ დაადასტურა, რომ როინ შავაძის უკანონოდ დაკავებისა და მკვლელობის პროცესში მონაწილეობდა ალი ბალაძე თეიმურაზ პატარიძესთან ერთად - პროკურორი

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსი დაიკითხა. თემურ მგელაძე ბრალდების მხარის მოწმეა და ამავე საქმეშია ბრალდებული. პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლო სხდომა დახურეს. გამოძიების ინფორმაციით, მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულები ალი ბალაძე და ძებნილი თეიმურაზ პატარიძე უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულის ინსცენირებასა და მტკიცებულებების გაყალბებაში.

"სასამართლო სხდომაზე როინ შავაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელმაც დაადასტურა, რომ უშუალოდ როინ შავაძის უკანონოდ დაკავებისა და მისი მკვლელობის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალი ბალაძე, თეიმურაზ პატარიძესთან ერთად. ის გასცემდა შესაბამის მითითებებს 2008 წლის 16 აგვისტოს დილიდან, როინ შავაძის დაკავების პროცესიდან მის მკვლელობის პროცესში და, ზოგადად, დანაშაულის ინსცენირებისა და მტკიცებულებების გაყალბების პროცესში,"-აცხადებს პროკურორი ლაშა ბიწაძე.

პროცესის დასრულების შემდეგ განმარტებები გააკეთეს ადვოკატებმაც და თქვეს, რომ საქმეში არც მგელაძის მოწმე და არც სხვა მტკიცებულებები, ბრალდებულების დანაშაულის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის.

"არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ალი ბალაძემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. საქმეში არის უამრავი მოწმის ჩვენება და სხვა მტკიცებულება, რომლებითაც არათუ დასტურდება, არამედ ცალსახად გამოირიცხება ალი ბალაძის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა. ყველა უტყუარი მტკიცებულება ადასტურებს მის უდანაშაულობას და ამ საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს," - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების მიხედვით, როინ შავაძეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში მდებარე კაფეში თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახებით სცემეს. მოგვიანებით ის ავტომობილით წაიყვანეს და დაახლოებით 40-ჯერ ესროლეს, შემდეგ კი წინააღმდეგობისა და გაქცევის ცრუ ვერსია შექმნეს. მაშინ კუდ-ი ირწმუნებოდა, რომ არსებობდა ინფორმაცია, თითქოს შავაძე უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან" თანამშრომლობდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაუწყიათ.

დღის ამბები