27 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
მოსამართლე თემურ გოგოხია მაია მწარიაშვილზე: ქალაქის მთავარი პროკურორი ცდილობდა ხელები ეფათურებინა სასამართლო სისტემის შიგნით და ახლა გამოდის, მორალს კითხულობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, თემურ გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილის მიერ სასამართლო სისტემის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც თემურ გოგოხია აღნიშნავს, სასამართლოში მუშაობისას მწარიაშვილი გამოირჩეოდა ქედმაღლობით, რის მაგალითადაც, მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდი მოჰყავს, ხოლო პროკურატურაში მუშაობისას, გოგოხიას თქმით, მწარიაშვილი ცდილობდა სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო, არეულობა შეეტანა და ვითარება დაეძაბა.

"რაც შეეხება მაია მწარიაშვილს: იგი, პერიოდულად, აქამდეც არაერთხელ გამოსულა საჯაროდ და მუდმივად დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისროდა სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა ბოლო პერიოდში საკუთარ თავსაც გადაასწრო სიცრუის ტირაჟირებასა და უსაფუძვლო თავდასხმებში მოსამართლეების წინააღმდეგ. ორიოდე სიტყვა, თუ რას წარმოადგენს ეს ქალბატონი: მოულოდნელად, 2002 წელს, იგი პირდაპირ გადმოყვანილ იქნა სასამართლო სისტემაში შევარდნაძის უშიშროების საბჭოდან და დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ. “რა დამსახურებებისთვის“ და "რისი“ მეშვეობით დაინიშნა ამ თანამდებობაზე პირდაპირ, ეს მთელმა მაშინდელმა სასამართლო სისტემამ იცოდა და აღარ ჩავუღრმავდები ამ თემას.

საინტერესოა თავმჯდომარეობისას მისი საარაკო ქცევები. სასამართლოში მოსვლისთანავე მან დანერგა შემდეგი პრაქტიკა:

1.დილას სამსახურში მოსვლისას და შემდეგ წასვლისას მთელი დღევანდელი მანდატურის (მაშინ შენობის დაცვის სამსახური) სამსახურს არავინ არ უნდა შემოეშვა და გაეშვა შენობის იმ შემოსასვლელში (საიდანაც თვითონ დადიოდა), რომ შემთხვევით ვინმე (სხვა მოსამართლე ან მითუმეტეს, აპარატის თანამშრომელი) არ გადაჰყროდა კიბეებზე ასვლისას და კაბინეტში შესვლისას და, პირიქით, უკან გამოსვლის დროსაც იგივე ხდებოდა. ამ პერიოდში შენობის იმ პერიმეტრზე მოძრაობა, მისი ბრძანებით, დაცვის სამსახურის მიერ ბლოკირებული იყო.

2. როცა მოსამართლეებს იბარებდა კაბინეტში, ის ხშირად საათობით ალოდინებდა მათ თავის მისაღებში და ხშირად რიგი დგებოდა ხოლმე სხვადასხვა დროს დაბარებულ მოსამართლეებში, რომ მათთვის ეგრძნობინებინა თავისი უპირატესი მდგომარეობა. მართლაც, ერთ შენობაში მყოფი მოსამართლეები ჩამოჰყავდა ხოლმე მისაღებში და საათობით აცდევინებდა იქ, სანამ მიიღებდა მათ.

3. ის იმდენად ქედმაღალი იყო მოსამართლეებთან ურთიერთობაში, რომ ამას საჯაროდაც არ მალავდა და ერთ-ერთ ჟურნალში ინტერვიუსას (მან თავისი მაღალი გადმოსახედიდან) "მხიარული ისტორია“ მოჰყვა კოლეგა მოსამართლეზე (როცა ის მის კაბინეტში შევიდა და იქ დახვდა მწარიაშვილის ძაღლი), თუ როგორ დასდევდა მის კაბინეტში მისი ძაღლი იმ მოსამართლეს მაგიდის ირგვლივ და თუ თურმე როგორ "სასაცილო“იყო, როდესაც ამ სირბილში ხან ძაღლი აღმიჩნდებოდა წინ და ხან ეს მოსამართლე. განსაკუთრებით ამაზრზენად გამოიყურებოდა მისი ეს ინტერვიუ.

4. განსაკუთრებით სკანდალური იყო მისი ისტერიკები, როდესაც საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ მერაბ ახობაძემ უარი განაცხადა მისთვის შეეძინათ "ლუქსის კლასის გამორჩეული ავტომობილი, რომელსაც იგი ხელს დაადებდა. ამის შემდეგ ახობაძეზე ზეწოლა გაძლიერდა და მთავრობიდანაც დაარეკინა მწარიაშვილმა, თუ როგორ ბედავდნენ მისი კაპრიზის შეუსრულებლობას.
და ასეთი ისტორიები კიდევ არის.

2012 წელს არჩევნებით წინა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ. მაია მწარიაშვილი მოგვევლინა ჯერ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, შემდეგ კი ქალაქ თბილისის მთავარ პროკურორად. და სწორედ ამ დროს, პარადოქსია, რომ ცდილობდა ჩარეულიყო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებში და თავისი ძველი კავშირებიდან გამომდინარე, შეხვედრებს მართავდა მოსამართლეთა ჯგუფ „ერთობის“ წევრებთან და ცდილობდა სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო, არეულობა შემოეტანა და ვითარება დაეძაბა. წარმოიდგინეთ ქალაქის მთავარი პროკურორი ცდილობდა ხელები ეფათურებინა სასამართლო სისტემის შიგნით და ახლა გამოდის მორალს კითხულობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მგონი კომენტარი ზედმეტია...

საბოლოდ, ვერც სასამართლოში მუშაობისას და ვერც უკვე პროკურორად მუშაობისას სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მიაღწია თავის სანუკვარ მიზანს, გამხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ ამიტომაა ასე გამწარებული რომ ლანძავს და სიცრუის კორიანტელში ხვევს დღევანდელ სასამართლო სისტემას. კიდევ ცდილობს, იქნებ როგორმე მომავალში მოახერხოს ხელში ჩაიგდოს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობა და ამისთვის უკადრებელსაც კადრულობს.

და ახლა გამოდის უმწიკვლო სახით და საუბრობს, თუ როგორ გაუარესდა სასამართლოში თურმე ვითარება.

კიდევ შეიძლება უფრო მეტზე საუბარი თუმცა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ეს საკმარისია და დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიმინდვია,"-წერს თემურ გოგოხია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები