01 მაისი 2024,   17:53
ვრცლად
ომი უკრაინაში - სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიეს, ხერსონის და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა

მსოფლიოს კიდევ ერთი ცხელი წერტილი - ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის აგრესიის 781-ე დღეს 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდასხმის შედეგად, დონეცკის რეგიონში, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიეს, ხერსონის და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. საერთო ჯამში, მტერმა 1 სარაკეტო და 109 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ კიევი ბერლინისგან უკვე არსებული სისტემებისთვის რაკეტებს მიიღებს.

„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მუშაობის ძალიან კარგი შედეგი: გერმანია მოგვცემს დამატებით პატრიოტულ სისტემას - ამაზე დღეს მე და კანცლერი შოლცი შევთანხმდით.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ გერმანიასთან დამატებით IRIS-T სისტემაზე, რომელიც ასევე ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ჩვენ შევძლებთ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და უკრაინის უკეთ დაცვას რუსული ტერორისგან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია დახმარება. მარტო ამ კვირაში უკვე მქონდა საუბრები და შეხვედრები ლიეტუვის, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ლატვიის პრეზიდენტებთან.

ლატვიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ახალი შეთანხმება გაფორმდა. მე ასევე ვესაუბრე ნიდერლანდების, საბერძნეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის პრემიერ მინისტრებს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები