30 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს უკიდურესად დაძაბულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს - ბექა ლილუაშვილი

ერთი ადამიანი მაინც რომ დაიღუპოს, პროცესები ცუდად დამთავრდება - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის ეს განცხადება, დილიდან, პოლიტიკური განხილვის თემაა. დევი ჭანკოტაძემ განცხადება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს გააკეთა.

ამ განცხადებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი მოუწოდებს ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

"მე შემიძლია მოვუწოდო ყველას, მათ შორის მასაც, რომ მსგავსი განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს და მსგავსი მოწოდება იქნება თუ წამოცდენა, ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს უკიდურესად დაძაბულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს,“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ თუკი "ქართული ოცნების" წევრები აქციაზე მივლენ, კარგად დაინახავენ, რა არის ხალხის რეალური განწყობა და რისთვის იბრძვიან მშვიდობიანად ქართველი ახალგაზრდები.

"მე მოვუწოდებდი ივანიშვილის პარტიის წევრებს, თუ სურთ, რომ ოდნავ ადეკვატური მაინც იყვნენ საკუთარ აღქმებში, ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ დღეს აქციაზე და ნახავენ, რა არის ხალხის რეალური განწყობა და რისთვის იბრძვიან მშვიდობიანად ქართველი ახალგაზრდები. ეს არის მათი ევროპული მომავლის დაცვა. ამას ძალიან კარგად დაინახავს თავად მდინარაძეც კი," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

დევი ჭანკოტაძის განცხადებას ეხმაურება პარტიის ”სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.

"დევიმ თქვა, რომ ნუთუ რად გიღირთ ეს ყველაფერი იმად, რომ შეიძლება ვინმე დაშავდეს და იყოს მძიმე შედეგი და რატომ მიგყავთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე ქვეყანა. ეს თქვა დევიმ, მეტი არაფერი არ უთქვამს და თქვენ არბევთ, თვალებს თხრით, მხუთავ აირს აშხურებთ ადამიანებს და კიდევ დევი ჭაკვეტაძეა პრობლემა?“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები