16 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
არ მგონია, ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ - ირაკლი კობახიძე დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დავით ქაცარავას ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის და გინების ფაქტს, თუმცა ეს გამართლება არ არის და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მაქსიმალური მოთმინება მართებთ.

კითხვაზე, ხომ არ იყო რუსეთის დაკვეთა დავით ქაცარავას ცემა, ვინაიდან ის რუსეთს აღიზიანებს, პრემიერმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ქაცარავა რუსეთში ვინმეს აღიზიანებს.

"არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში. რაც შეეხება ამ ფაქტს, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა და ძალადობა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრის, დავით ქაცარავას ფოტოები, სადაც ის სასტიკად არის ნაცემი. მანამდე ქაცარავა საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ამ ეტაპისთვის ის ინგორმყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

დღის ამბები