16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
მიხაილ როთის განცხადებას ვნებათაღელვა და კრიტიკა მოყვა - ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტის შეფასებები საპატრიარქოსა და პოლიტიკურ სპექტრში

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი 4 ევროპელი კოლეგის ქმედება განხილვის თემაა - პოლიტიკოსებმა მედიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლეს და მომიტინგეებს სცენიდანაც მიმართეს. ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების მიმართ გამოხატული ღია მხარდაჭერის გარდა, უმრავლესობისთვის მიხაელ როთის კრიტიკის საფუძველი მის მიერ სამოციქულო ეკლესიის შესახებ გაკეთებული განცხადებაც გახდა.

მიხაელ როთის კრიტიკულ განცხადებას დღეს საპატრიარქოც გამოეხმაურა. სამოციქულო ეკლესია ევროპელი პოლიტიკოსის ქმედებას უადგილოს და მიუღებელს უწოდებს.

განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟიგიმანტას პავილიონისი გახდა. ლიეტუვის სეიმის დეპუტატს, ქართველმა კოლეგებმა წარსული და მიხეილ სააკაშვილთან ახლო მეგობრობა შეახსენეს. თქვეს, რომ პავილიონისის და მისი კოლეგების მიზანს, რეალურად საქართველოში ფერადი რევოლუციების მსურველთა სტიმულირება წარმოადგენდა, რაც მათი დემონსტრაციაზე გამოჩენითაც დადასტურდა.

სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკოსები, რომლებიც საპროტესტო აქციების ყოველდღიური მონაწილეები არიან, ამტკიცებენ, რომ ევროპელმა დეპუტატებმა ამ ჟესტით საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კოლეგებისგან განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ როთი, პავილიონისი და დელეგაციის სხვა წევრები არასწორად არიან ინფორმირებული. მათ შეცდომაში შეყვანას კი, ოპოზიციის ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს.

გერმანელი, ლიეტუველი, ჩეხი, პოლონელი და ფინელი კოლეგების ვიზიტის დრო და მიზეზი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც გააკრიტიკეს. კანონმდებლებმა კოლეგებს განცხადებების გაკეთებამდე ქართული საზოგადოების შესახებ ინფორმაციის მოძებნა ურჩიეს. თქვეს, რომ მათი ქმედება საქართველოსთან ერთად მათი ქვეყნებისთვისაც შეურაცხმყოფელია.

ხუთი ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი თბილისს 3 დღის წინ ეწვია. დეპუტატებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ხელისუფლებას საპროტესტო აქციიდან მოსთხოვეს.

დღის ამბები