16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
გვქონდა მოლოდინი, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა, თუმცა მივიღეთ პოლიტიკური განცხადებებით გაჯერებული დასკვნა - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული. კალაძის განცხადებით, ჰქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა სამართლებრივი შენიშვნები.

"გვქონდა მოლოდინი, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ შესწორებები გაგვეკეთებინა. თუმცა, მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით. ისინი სამართლებრივ მსჯელობაში არ შესულან. გვითხრეს, კანონი გაიწვიეთო. არადა, კანონი არის გამჭვირვალობის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ამის დეკლარირება მოახდინონ და საზოგადოებას უთხრან, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები. წარმოუდგენელია, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მომავალს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

 

დღის ამბები