ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის დაანონსებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიზანი ეროვნული დემოკრატიის დაცვაა, სანქციები კი არ აშინებთ და შანტაჟს არ ექვემდებარებიან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვეტო დაძლეული იქნება.
"სანქციების დაწესების მიმართულებით საუბრობენ ზუსტად 17 მაისის შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად, როგორც ჩანს, 17 მაისის ღონისძიება, რომელმა მთლიანად საქართველო გააერთიანა, ძალიან შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ცალკეული აქტორებისთვის. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი არის სანქციებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის გამჭვირვალობის პრინციპის უზრუნველყოფა გვჭირდება, ვინაიდან, მან ყველზე კარგად უნდა დაიცვას ჩვენი ეროვნული დემოკრატია და იგივე გზას გადის თანამედროვე სახელმწიფოები, ამ ყველაფრის ფონზე, მსგავსი საუბრები მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის გრძნობას აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ, ცხადია, ვეტო იქნება დაძლეული," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.