ვის დაუწესდება შტატების მხრიდან დაანონსებული სანქციები - კონკრეტული სახელებით სია არ გამოქვეყნდება. ენტონი ბლინკენის თანაშემწე ამბობს, რომ ამას კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება არეგულირებს, თუმცა ჯეიმს ო"ბრაიენი ადასტურებს, რომ შეზღუდვები შეეხებათ არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
დაანონსებული სანქციების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანას აპირებს. ვეტო დაიძლევა - უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა, ისევე როგორც თავად გამჭვირვალობის კანონის მიღება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ვეტოს გათვალისწინება ბოლო შანსია და მხოლოდ ასე შეუძლია ხელისუფლებას სანქციები თავიდან აირიდოს. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ეცდებიან, "ქართულ ოცნებას" პოზიციის შეცვლა პროტესტით აიძულონ. ეს კი, მათივე კოლეგების მეორე ნაწილისთვის, არასწორი ტაქტიკაა.
ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამჭვირვალობის კანონის მიღების საკითხს არ გადახედავენ, მათზე სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გავრცელდება. ძირეულად გადაიხედება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხიც. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ შტატების დამოკიდებულება უსამართლოა და პარტნიორობა, პირიქით, უნდა გაუმჯობესდეს.
სალომე ზურაბიშვილის ვეტოზე პარლამენტი ორშაბათს, ჯერ კომიტეტის ფორმატში იმსჯელებს, სამშაბათს კი პლენარულ სხდომაზე. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის ხმა საკმარისია.