საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ქარტიით დადასტურდა, რომ ცალ-ცალკე ოპოზიცია არ არსებობს და ყველა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც ერთი ძალის - "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია.
მისივე თქმით, დაანონსდა რეპრესიები "ნაცმოძრაობის სტილში."
ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ომის ქარტია, იმიტომ რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია, ასეც დააანონსეს კიდევაც.
დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და ეს რეპრესიები დაანონსდა "ნაცმოძრაობის" სტილში, ამიტომაც გასაგებია, საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. საბოლოო ჯამში ამ ერთობის მიზანიც ეს არის: ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ თითქოს არიან ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ. პრინციპში ერთსა და იმავე მდინარეში შედის ოპოზიცია.
კარგია, რომ საბოლოო ჯამში, აქამდე მივიყვანეთ ოპოზიცია, რომ კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, კვლავ ზუსტად იმავე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020-ში. შედეგი ყოველთვის ერთი არის. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია მოსახლეობისთვის, თითქოს ეს იყო რაღაც სხვადასხვა ძალა, ეს ფარსი დავასრულებინეთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც გამოიღო,"-აღნიშნა პაპუაშვილმა.