საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა რეტროსპექტიული გამოფენა - "ბავშვები ქართულ მხატვრობაში". გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო, რომელზეც წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. საგულისხმოა, რომ საზოგადოებას აქამდე არ ჰქონია ზოგიერთი ნამუშევრის გამოფენებზე ხილვის შესაძლებლობა.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს ფონდის მხარდაჭერით, 500-ამდე ბავშვი კახეთის რეგიონიდან სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს გამოფენის დათვალიერებას.
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სიღნაღის სამხატვრო სტუდიისა და საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის იდეის ავტორია ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ანა ალავერდაშვილი. გამოფენის კურატორები არიან ირინე აბესაძე და მარიამ დვალი.