28 სექტემბერი 2024,   14:10
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავში ისრაელის იერიშებმა 68 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი 245 დღეა მიმდინარეობს - ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავში ისრაელის იერიშებმა 68 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

ომის დაწყებიდან დაღუპულთა რაოდენობა 36,654-მდე გაიზარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება, რომ გასული დღის განმავლობაში, მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში ათობით სამიზნეზე განახორციელეს საჰაერო თავდასხმები, მათ შორის - იარაღის საწყობებზე, გვირაბის შახტებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც პალესტინის შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა პატივი მიაგო გაერო-ს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს 135 პერსონალს, რომლებიც ღაზაში ისრაელის 9-თვიანი თავდასხმების დროს დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად გაერო-ს მიერ მართულ სკოლაზე ღაზის ცენტრში ათობით ადამიანი დაიღუპა. "სიენენის" ანალიზით, იერიში შეერთებული შტატების მიერ წარმოებული იარაღით ჩატარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ღაზაში მდებარე სკოლაზე თავდასხმა მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც დაზვერვამ დაადასტურა, რომ საკლასო ოთახებში ქალები და ბავშვები არ იყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით კი, შტატები მოელის, რომ ისრაელი გამჭვირვალე იქნება ანკლავში სკოლაზე თავდასხმასთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას გაასაჯაროებს.

დღის ამბები