28 სექტემბერი 2024,   10:12
ვრცლად
ლისის ტბის მიმდებარედ 21, 22 და 23 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება

ლისის ტბის მიმდებარედ 21, 22 და 23 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო, სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით, კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი, გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კერძოდ, N329 ავტობუსი სოფელი თხინვალადან ონკოლოგიური კვლევითი ცენტრისკენ იმოძრავებს ავთო ვარაზისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით; N363 ავტობუსი თხინვალადან მეტროსადგურ “დელისის“ მიმართულებით ვარაზისა და ჟღენტის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდეგ კი ფერმწერთა ქუჩაზე, ტატა თვალჭრელიძის ქუჩის კვეთასთან მოუხვევს. რაც შეეხება N107-ს, რომელიც მგზავრებს სოფელი წოდორეთიდან მეტროსადგურ “დელისამდე“ ემსახურება, ავტობუსი შეზღუდვის პერიოდში, კეჭაყმაძის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს ვარაზისა და ჟღენტის ქუჩების გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები