28 სექტემბერი 2024,   08:51
ვრცლად
საზოგადოება “ქართული“ რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

“საზოგადოება “ქართული“, რომელიც 2024 წლის, 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ჩვენი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.


“ქართულის“ თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვისთვის მხარდაჭერა.

“პირველი შეხვედრა თბილისში ქართული საზოგადოების გამორჩეულ აკადემიურ წრეებთან და ხელოვნების აღიარებულ წარმომადგენლებთან უკვე შედგა. შეკრებაზე იყო აზრთა გაზიარებისა და იდეების შეჯერების ჯანსაღი ატმოსფერო. მაისი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად ცხელი გამოდგა, რის გამოც მხოლოდ ახლა შევძელით დაგვეწყო გასვლები რეგიონებში“, -აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი აზრით, რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი, რომელთა აქტიური ჩართვა საერთო ეროვნული საკითხების გააზრებასა და გადაჭრაში, არის დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა.

“ჩვენი მიზანია რეგიონების კულტურის, ხელოვნების, განათლების და სხვა ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები და ფიქრები გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ერის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სირთულეებზე. მაგრამ, ჩვენთვის ამ პროცესში მთავარი მაინც არის მათი მოსმენა, მათი აზრების და წუხილის გაზიარება, ინიციატივების აკუმულაცია, რათა ეს საერთო ფიქრები, საბოლოოდ, დიდ ეროვნულ ენერგიად ვაქციოთ და თითო აგური დავდოთ საერთო ეროვნული თემების მოგვარების საქმეში“, - განაცხადა საზოგადოება “ქართულის“ თავმჯდომარემ.

დღის ამბები