26 თებერვალი 2025,   17:05
ვრცლად
მატჩი, რომელიც საქართველოსთვის ფინალის ტოლფასი იყო, მოგებულია - საქართველომ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს სძლია და ჯგუფიდან გასვლა შეძლო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ზღაპრის კეთილი ბოლოს იმედი გულშემატკივარს ჰქონდა და მცირედით მაინც სჯეროდა სენსაციის, თუმცა ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა. სიგიჟე, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, მსაჯის სასტვენიდან წუთნახევარში დაიწყო.

      ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი გოლის და ემოციების მეტ-ნაკლებად დალაგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ პორტუგალიის შეტევები გამწვავდებოდა და საქართველოს ნაკრებს ანგარიშის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა ელოდა. ასეც მოხდა, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში პორტუგალიელი ფეხბურთელები შეტევებს არ წყვეტდნენ, თუმცა ქართველების დაცვის ხაზმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც საქართველოს ნაკრების კარის კედელს უწოდებენ - გიორგი მამარდაშვილი და მისი ეფექტური სეივები. განსაკუთრებული იყო ეპიზოდი, როდესაც ქართველმა მეკარემ კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ჯარიმა მოიგერია.

      იმავე სცენარით მიდიოდა შეხვედრის მეორე ნახევარიც - კომპაქტურად განლაგებული დაცვის ხაზები და შანსის მოლოდინი, რომ კონტრშეტევაზე ახალი მომენტის შექმნას შეძლებდნენ. ამ ტაქტიკამ შედეგი გამოიღო და მალე ახალი სენსაცია მოხდა.

      გამეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ ლოჩოშვილი საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმაც ბევრი ყოყმანის გარეშე დანიშნა პენალტი. აქ უკვე სცენაზე ახალი სუპერგმირი შემოვიდა - გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამ პენალტის გატანის შემდეგ 3 გოლით არც მეტი არც ნაკლები "ევრო 2024" ბომბარდირია.

      2:0 ეს ანგარიში ბევრად კომფორტული იყო და თამაშის მიწურულს გულშემატკივარმა დაიწყო დაჯერება, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეტაპს ვუახლოვდებოდით, თუმცა ხიფათი მაინც იგრძნობოდა. რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშეს მცველებმა, ასევე კვლავ ეფექტურად იგერიებდა ბურთებს გიორგი მამარდაშვილი. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების სენსაციური გამარჯვება 94-ე წუთზე ოფიციალურად გაფორმდა.

      საფეხბურთო მოედნის დატოვების შემდეგ სიხარულისა და ბედნიერების შეძახილები არ წყდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში. ბიჭები მთელი ხმით მღეროდნენ და ერთმანეთს ამ უდიდეს წარმატებას ულოცავდნენ. ემოციები არ ცხრებოდა ავტობუსშიც.

      საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადეს გულშემატკივარს. ეს საკითხი არცერთს არ გამორჩენია პრესკონფერენციაზე. აქვე დებდნენ პირობას, რომ ისტორია გაგრძელდება.

      ამაყი იყო ვილი სანიოლი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებით ღელავდა. იმდენად, რომ პენალტის მომენტს თვალი ვერც კი მიადევნა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის შეფასებით ჩემპიონატზე ჩატარებული სამივე მატჩი შესანიშნავი იყო.

      მეტოქეს გამარჯვება მიულოცა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა. რობერტო მარტინესი იმ მიზეზებს განმარტავდა, რამაც მისი აზრით, პორტუგალიის მარცხი გამოიწვია.

      ისტორიული მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ შედგა შეხვედრა ბავშვობის კუმირთან. ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი წინასიტყვაობა შეასრულა, მატჩის მოგებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და რონალდუს მაისურიც გაუცვალა.

      თავგადასავალი გრძელდება საქართველოს ნაკრები რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია 16 საუკეთესო გუნდს შორის არის და უფრო მაღალი შედეგებისკენ სვლას განაგრძობს. ეს უკვე ისტორიაა და ეს უკვე ფაქტია - ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულით დაძლიეს. შემდეგი გაჩერება კიოლნია. 30 ივნისს საქართველოს მეტოქე კიდევ ერთი გრანდი - ესპანეთის ნაკრები იქნება.

       

      ავტორი: ლაშა დვალიშვილი

      დღის ამბები