საპროკურორო საბჭოში, მთავარი პროკურორობის მსურველთა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში, იურისტს ანდრონიკ სარიბეკოვს უსმენენ, რომელმაც საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა თავად წარუდგინა.
მანამდე, საბჭოს წევრების წინაშე, კიდევ ერთი კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე წარსდგა, რომელმაც შეკითხვებს უპასუხა.
საერთო ჯამში, წარდგენილი იყო 11 კანდიდატი, ოთხმა კანდიდატურა მოხსნა, ხუთს კი უკვე მოუსმინეს. საბოლოოდ საბჭო, ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს და პარლამენტს გადაუგზავნის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, ალექსანდრე კობაიძეს გაეროს საერთაშორისო კონვენციასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა:
"მინდა გკითხოთ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, მაგალითად: გაეროს რომელ კონვენციებზეა მიერთებული ჩვენი ქვეყანა. თქვენ, როგორც ადვოკატი, თუ იყენებთ ამ კონვენციებს საქმიანობაში," - ჰკითხა რატი იონათამიშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ალექსანდრე კობაიძეს.
იურისტმა, რატი იონათამიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციებს, თავის საქმიანობაში, ხშირად იყენებს.
"რა თქმა უნდა, ვიყენებთ, რომელიც უკავშირდება ადამიანის დაცვის კონვენციებს. ხშირად, პროკურორები იყენებენ სტამბულის კონვენციას, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ-ხოლმე. გაეროს კონვენციას რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა მიმართულებით არაერთი კონვენცია არსებობს, ჯერ კიდევ 1956 წლიდან, თუ არ ვცდები," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, რომ გასაუბრების პარალელურად, მოქალაქეები ალექსანდრე კობახიძის საქმიანობის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მის პროფესიონალიზმს უსვამენ ხაზს.
"საპროკურორო საბჭოს გვერდზე გადაიცემა ჩვენი ლაივ და პირდაპირ გვწერენ სტრიმის ქვეშ, კომენტარებში, რომ გარკვეული თანხის საფასურად დაჰპირდით ვიღაცას ციხიდან გამოყვანას და არ გამოიყვანეთ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თანხა აიღეთ და მომსახურება არ გაუწიეთ. რატომ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ინდივიდის მიმართ ამდენი კითხვა. თქვენ მეექვსე კანდიდატი ხართ, თუ სწორად მახსოვს და არაფერი დაწერილა აქამდე. თქვენს შემთხვევაში რატომ იწერება ეს კომენტარები?" - ჰკითხა ემზარ გაგნიძემ ალექსანდრე კობაიძეს.
ადვოკატის თქმით, ხშირად ხდება პროფესიაში, როდესაც კმაყოფილ კლიენტთან ერთად, უკმაყოფილო კლიენტებიც იჩენენ თავს, რაც ჩვეულებრივი ამბავია.
"თქვენ ახლა მოახდინეთ უტრირება - დარწმუნებული ვარ, ათეულობით ადამიანი არ იქნება. ყოველთვის არსებობს კმაყოფილი და უკმაყოფილო კლიენტი. ჩვეულებრივი ამბავია," - უპასუხა ალექსანდრე კობაიძემ.
პროკურორ ალექსანდრე მუყასაშვილს კი, კანდიდატთან კითხვა მის დისციპლინურ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლის გამოც, იურისტს, ადვოკატთა ასოციაციისგან სახდელი დაეკისრა.
"ერთ-ერთმა მოქალაქემ საპროკურორო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თქვენ 2023 წელს დაგეკისრათ დისციპლინური სახდელი ადვოკატთა ასოციაციაში, რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია. თუ ეს რეალობაა, ხომ არ გსურთ რაიმე სახით განმარტების გაკეთება,"- ჰკითხა პროკურორმა ალექსანდრე მუყასაშვილმა მთავარი პროკურორობის მსურველს.
იურისტის თქმით, მას აქვს ამ საქმის გასაჩივრების უფლება, შესაბამისად საბოლოო შედეგი არ დამდგარა, რის გამოც კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
"აღნიშნული საქმე მიმდინარეა, გასაჩივრების უფლება მაქვს და ამაზე თავს ვიკავებ, არ არის საბოლოო შედეგი დამდგარი," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.