29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ კვლევა ჩაატარა - რამდენად ღიაა NGO სექტორი და რამდენად თვლის ანგარიშვალდებულად თავს საკუთარი მოქალაქეების წინაშე

"გამჭვირვალობის კანონის" ძალაში შესვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, მმართველმა გუნდმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ჩატარებული კვლევა გაასაჯაროვა. "ქართულმა ოცნებამ" შეისწავლა ის 474 ორგანიზაცია, რომლებიც კანონპროექტს ინიციირების დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ და დღესაც ამბობენ, რომ მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ. ანალიზის თანახმად ირკვევა, რომ ამ დაწესებულებების 51%-ს საიტიც კი არ გააჩნია. 296 მათგანს, ანუ 62%-ს არ აქვს დასახელებული დონორი ორგანიზაციები. 80%-ს არ აქვს მითითებული გრანტის ვადა. უმრავლესობა კი დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობას არ ასაბუთებს. "ქართულ ოცნებაში" საბაზისო ანალიზის რეზულტატს შემაშფოთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მაისში მიღებული კანონი, ამ პრაქტიკას დაასრულებს.

სახელისუფლებო გუნდის კვლევას, სპეკულაციურს უწოდებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბარი არ სურთ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალეა.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, შესაძლოა გარკვეული პრობლემები მართლაც იყოს. მიუხედავად ამისა, ისინი მესამე სექტორის პოზიციას იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობის კანონი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტია.

"კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დიდი დაფინანსების მქონე ენჯეოების უმრავლესობა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს" - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში, დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს. კანონმდებლების თქმით, პარტიის მიერ ჩატარებულმა საბაზისო ანალიზმა, "გამჭვირვალობის კანონის" აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს პარლამენტმა მაისში მიიღო. პროექტის თანახმად, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან დონაციაზე მოდის - ამიერიდან ვალდებულება ექნებათ ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაცია შეავსონ.

დღის ამბები