16 სექტემბერი 2024,   09:50
ვრცლად
45 ქვეყნის ლიდერი ბლენჰაიმის სასახლეში - რაზე მსჯელობს ევროპა და რას სთავაზობს საქართველო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს

მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილი ბლენჰაიმის სასახლე იყო, მიზეზი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტია, რომელშიც ევროკავშირის კანდიდატი, საქართველო პირველად მონაწილეობდა. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სტუმრებს ინდივიდუალურად ხვდებოდა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შექმნილი ფორუმის დანიშნულება ქვეყნების კონსოლიდაციაა ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა უკრაინის დახმარება, არალეგალური მიგრაცია, დემოკრატიის განვითარება და უსაფრთხოების გაძლიერება. პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, სწორედ ენერგოუსაფრთხოებას და დაკავშირებადობას ეხებოდა. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში - მრგვალი მაგიდის ფორმატში, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ლიდერებს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები გააცნო.

ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება იყო. საქართველოსთვის სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლითაც ქვეყანა ცდილობს, ევროპულ ოჯახს მეტად დაუახლოვდეს. ამაზე დღეს ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრმა გაამახვილა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ ბრიტანეთში საერთო დეკლარაციისთვის კონკრეტული ინიციატივებიც ჩაიტანა.

ერთი კონკრეტული ქვეყანა, რომ ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევების მთავარი მიზეზია - ამაზე სამიტის გახსნისთანავე ისაუბრა მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა. კირ სტარმერის შემდეგ, პლენარული სესიის მონაწილეებს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

რუსულ აგრესიაზე გააკეთეს განცხადებები სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. გაიმეორეს, რომ ევროპა მოდუნებას და უკრაინის დახმარებაზე უარის თქმას არ აპირებს. სამიტის დაწყებამდე უშუალოდ საქართველოს შესახებ ისაუბრა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ლოკაცია შემთხვევით არ შერჩეულა. ლიდერები სიმბოლურად უინსტონ ჩერჩილის დაბადების ადგილას შეიკრიბნენ. გადაიღეს ერთობლივი სამახსოვრო ფოტოც.

50-მდე ქვეყნის ლიდერის პატივსაცემად, დღის ბოლოს, საზეიმო ვახშამიც გაიმართა. სამიტის მონაწილეების მასპინძელი, ამ შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მეფე - ჩარლზ მესამე იყო.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი წელიწადში ორჯერ იმართება. ამ ფორმატში, მსოფლიო ლიდერები მეხუთედ უკვე 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში შეიკრიბებიან.

დღის ამბები