29 სექტემბერი 2024,   06:21
ვრცლად
"ბუნებრივიცაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი პოლიტიკურ აქტივობაზე იხარჯებოდეს" - ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა "ქართული ოცნების" ახალი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ - "გირჩში" აცხადებენ, რომ ბუნებრივიცაა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხის ნაწილი იხარჯებოდეს პოლიტიკურ აქტივობაზე.

"ქართული ოცნება", როგორც ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია, ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს და, მათ შორის, ყველაზე მეტ არალეგალურ ფულს ხარჯავს პოლიტიკაში. ამ გადმოსახედიდან იმის მტკიცება, რომ ვიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური მიზნებით გამოიყენებს [თანხებს] და, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია?! - ძალიან ბუნებრივიც არის, რომ გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხის იხარჯებოდეს პოლიტიკურ აქტივობაზე," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს - თეონა აქუბარდიას შეფასებით, მმართველი გუნდი, კიდევ ერთხელ, ცდილობს, "გააშავოს" სამოქალაქო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ, მისი შეფასებით, "ქვეყანას ევროატლანტიკური გზა დაეკეტა".

"ეს არის კიდევ ერთი მანიპულაცია და კიდევ ერთი მცდელობა გაამართლოს "რუსული კანონის" მიღება," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ახალ კვლევას ასაჯაროებს. ჩატარებული კვლევის შედეგებზე, დღის პირველ ნახევარში, გივი მიქანაძემ ისაუბრა. დეპუტატმა კვლევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ წარადგინა, რომლებმაც, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კვლევამ აჩვენა, რომ 121 ორგანიზაციიდან 22 პროცენტს, ოფიციალური ვებგვერდი არ აქვს. 31 პროცენტს არ აქვს პროექტების დასახელება არ უთითებს დონორს, 45 პროცენტს არ აქვს მითითებული ვადები, 65 პროცენტს კი გრანტის ოდენობა. 34 პროცენტს არ აქვს მითითებული ინფორმაცია ორგანიზაციის გუნდის წევრების შესახებ, 79-ს კი არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში.

დღის ამბები