29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ და ანაკლიის კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავა წააგო - როგორ გამოეხმაურა გადაწყვეტილებას "ლელოს" ლიდერი და რა შეფასებები ისმის პოლიტიკურ სპექტრში

ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი და ანაკლიის ყოფილი ინვესტორი უკანონოდ მიიჩნევდა. არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, სრულად უარყო მისი მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, საქართველოს ბიუჯეტიდან, მილიარდ-ნახევარი დოლარის მიღებასთან დაკავშირებით. მეტიც - მოსარჩელემ სახელმწიფოს 650 ათასი დოლარი თავად უნდა გადაუხადოს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ "ლელოს" დამფუძნებელს ქართული ეკონომიკის დაზიანების შესაძლებლობა არ მისცა.

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში მარცხს მამუკა ხაზარაძე მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. თქვა, რომ ფაქტი სამწუხაროა, თუმცა არბიტრაჟის ობიექტურობაზე აღარ უსაუბრია. ფრანგული სასამართლოს ობიექტურობაზე ბუნდოვანი იყო "ლელოს" წევრების პასუხიც. პარტიაში არც იმის აღიარება ისურვეს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრაჟის დასკვნამ, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათი კითხვებიც გააბათილა.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტი უწოდეს დღეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში," სადაც, წაგებული დავის მიუხედავად, ამტკიცებენ, რომ საქმე არ დასრულებულა და ხელისუფლებამ, 2020 წელს, მათთან დაკავშირებით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

"საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძე ბიზნესშიც ისევე არაკეთილსინდისიერად მოქმედებს, როგორც პოლიტიკაში" - ასეთია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების შეფასება. პოლიტიკოსების თქმით, დამტკიცდა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობით, ქვეყნის ეკონომიკა მილიონობით დოლარით აზარალეს, სარჩელით კი, საფრთხე შეუქმნეს სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის პერსპექტივას.

ანაკლიის საქმესთან დაკავშირებით, დღეს, კრიტიკული კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. არჩევნებამდე 3 თვით ადრე, უმრავლესობა არბიტრაჟის განაჩენს "ლელოს" პოლიტიკურ დასასრულად მიიჩნევს. მამუკა ხაზარაძისგან, ცრუ ბრალდებების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს გახარიას გუნდიც.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულება სახელმწიფომ, 2020 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით შეუწყვიტა. ხაზარაძე საქართველოს წინააღმდეგ - თითქმის 4-წლიანი სასამართლო დავა ფრანგულმა არბიტრაჟმა, ყველა პუნქტში, ხელისუფლების გამართლებით დაასრულა.

დღის ამბები