სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის მესამე ოლიმპიური მედალი განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან მის მოსაპოვებლად მეტი ძალისხმევა დასჭირდა.
ტალახაძის თქმით, მის მომზადებაში მწვრთნელებმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს.
"ჩემთვის, ალბათ, ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი. რა თქმა უნდა, ყველა მედალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასე რომ ვთქვათ, გაგვიჭირდა ამის მოპოვება.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მწვრთნელებს, გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს, მამაჩემს, ვინც დამაწყებინა ვარჯიში. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში და, ეს ბოლო პერიოდი, ცოტა გავაბრაზე კიდეც.
მინდა, ეს მედალი ყველა გულშემატკივარს, ჩვენს ფედერაციას, ჩემს მწვრთნელებს და ჩემს ოჯახს მივუძღვნა. ძალიან მიყვარხართ", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.