16 სექტემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დაკავებულები არიან არა ოპონირებით, არამედ, ადამიანების ჩაგვრით - თეა წულუკიანი

ბულინგი და ძალადობა - მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პირების დაჩაგვრის მცდელობაზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ფაქტზე, რომელიც წყალტუბოში მოხდა, სადაც მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, "ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.

"ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები არიან არა ოპონირებით დაკავებული, არამედ, ადამიანების ჩაგვრით. რეალურად ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, რომ განსხვავებული აზრის მოქალაქე იქნება ეს, ხელისუფლებაში მყოფი, თუ ხელისუფლებაში არ მყოფი საზოგადოების წევრი დაჩაგრონ, მიაყენონ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაზიანება და დააყენონ თავიანთი ქმედებებით ის ტრაგიკული შედეგი, რაც დადგა. რა თქმა უნდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ჩაბარდეს წარსულს და ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო," - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის, ირაკლი კირცხალია თქმით კი, მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე, "კოლექტიური ნაცმოძრაობაა".

"სწორედ ეს სიძულვილის ენა, ეს ფაშიზმი, ეს ბულინგი, რომელიც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ორგანული და ფიზიკური მდგომარეობა, ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა ასეთი დიდი უბედურებით. ადამიანს წარმოიდგინეთ ღირსება შეულახეს და ის გარდაიცვალა. აბსოლუტურად ყველა, "კოლექტიური ნაცმოძრაობა," ეს "ენჯეოები," რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ, ამ სიძულვილის და ფაშიზმის ენას, ყველა მათი დამფინანსებელი ერთად, არის დამნაშავე ამ დიდ, უდიდეს ტრაგედიაში და ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ მართლა სისხლის მსმელებს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერმილე გიგიაძე "ოცნების" შტაბში იმყოფებოდა, როდესაც გარედან ხმაური მოესმა. გარეთ გასულს კი მას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე დახვდა, რომელიც პარტიის ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. მათივე თქმით, ნუცუბიძე შეურაცხყოფას აყენებდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რის შემდეგაც "ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და ნერვიულობის ნიადაგზე ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები