18 სექტემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ სამი წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები - არჩილ გორდულაძე ენმ-ის 14 მილიარდიან წინასაარჩევნო დაპირებაზე

სახელისუფლებო გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" 14 მილიარდიან წინასაარჩევნო დაპირებას ეხმაურება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილები უკვე ძალიან მალე გამოდის სააშკარაოზე.

"ორ დღე კი არა, ორი თვეც რომ ჰქონდეს "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, ის ვერასდროს ვერ შეძლებდა ეთქვა წყარო, საიდან შეიძლება დაფინანსდეს საქართველო 14 მილიარდი დოლარისა თუ ევროს ოდენობით. ჯერ ვალუტაშიც კარგად ვერ ჩამოყალიბებულან. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ სამი წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები და ტყუილების ტყუილებში არიან უკვე მხილებულები. ასეთი ფონდები რომ არსებობდეს, მაშინ მოლდოვა და უკრაინა და სხვა კანდიდატი ქვეყნები, სადაც მოლაპარაკებები არის გახსნილი, მიიღებდნენ ასეთ დაფინანსებას, მაგრამ მათაც არ მიუღიათ, იმიტომ რომ ასეთი ფონდი ბუნებაში არ არსებობს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ევროკავშირის 14 მილიარდიანი საგრანტო პაკეტი მართლაც არსებობს, თუმცა ის რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეკუთვნის. თანხა ამ ეტაპზე 7 ბენეფიციარ ქვეყანაზე ნაწილდება, რომლებსაც ჯერ უკრაინა და მოლდოვაც არ დამატებიან.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ევროკავშირისგან იმ 14 მილიარდ ევროს მოიზიდავს, რომელიც რეალურად ათამდე აპლიკანტი ქვეყნის ეკონომიკის ექვსწლიანი სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი.

დღის ამბები