19 სექტემბერი 2024,   03:17
ვრცლად
მიხაილ როთი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ტრადიციული და ისტორიული დამცველია - გრიგოლ გეგელია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვები. მიხაილ როთი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

"ქართული ოცნება" გერმანელ კანონმდებელს არ ხვდება - მას მმართველი პარტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ეკლესიის მიმართ უპატივცემულო განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მიხაილ როთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარია ევროპულ პოლიტიკაში.

"მიხაილ როთი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ტრადიციული და ისტორიული დამცველია. ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარი ევროპულ პოლიტიკაში. შესაბამისად, როდესაც ის გამოხატავს ობიექტურ წუხილს, ეს არის ობიექტური ტკივილი, წუხილი იმ ყველაფრის შემხედვარე, რაც დღეს ხდება საქართველოში", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი იმაზე მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ევროკავშირსა და დასავლეთში ძალიან ყურადღებით აკვირდებიან.

"მე პირადად ვერ ვხვდები ბატონ როთის, თუმცა ჩვენი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მას შეხვდება. წინა საარჩევნოდ საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები