19 სექტემბერი 2024,   03:30
ვრცლად
სალომე ქურასბედიანმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანმა ერევანში გამართულ  საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა შეიმუშავეს სამუშაო დოკუმენტი, გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და სხვადასხვა წამახალისებელი ინსტრუმენტის  გამოყენებას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის შედეგები სალომე ქურასბედიანმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო.

12-14 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, რომლის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა.

ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას ახალგაზრდა თაობისთვის განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ისეთი კრიზისები, როგორიცაა ომები, კონფლიქტები, პანდემია, კლიმატის ცვლილება და ეკონომიკური გამოწვევები, მნიშვნელოვნად აისახება ახალგაზრდების შესაძლებლობაზე მიიღონ ხარისხიანი განათლება და იპოვონ ღირსეული სამუშაო. პარლამენტების წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობის გზები სხვადასხვა მიმართულებებით. მათ შორის, გაიმართა პანელური დისკუსია თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის თემებზე, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.

დღის ამბები