19 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ჩვენ ვმსჯელობდით სტრუქტურულად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შორის, "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე - თამთა მიქელაძე როთთან შეხვედრაზე

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მესამე სექტორს და ოპოზიციას ხვდება. მიხეილ როთი უკვე ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, განხილვის საგანი წინასაარჩევნო ტენდენციები იყო. მოგვიანებით, გერმანიის საელჩოში პოლიტიკურ პარტიებს მიიღებენ.

"ქართული ოცნება" ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბოდიშის მოხდამდე არ შეხვდება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, რასაც ხსნიან გერმანელი კანონმდებლის განცხადებებით და მის მიერ ანტი-სახელისუფლებო აქციაზე მისვლით - ყველა ამ ქმედებას მმართველი ძალა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და უპატივცემულობად აფასებს.

”სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ კანონებზე ისაუბრეს.

"ჩვენ ვმსჯელობდით სტრუქტურულად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შორის, "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ რუსულ კანონებზე. ამ შეხვედრის ფარგლებში მას გავუზიარეთ წინასაარჩევნო კონტექსტი და ის ტენდენციები, რომლებიც ამ პერიოდში ჩანს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარეს. მისი მხრიდან მესიჯი, რომელიც სინამდვილეში ბუნდესტაგის არაერთი პარტიის გზავნის წარმადგენს იყო ის, რომ ისინი ყურადღებით უყურებენ საქართველოში არჩევნებს", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

დღის ამბები