19 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.

კანონპროექტით შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კანონპროექტის თანახმად, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა.

სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, შესაძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის როგორც სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, ასევე სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა.

კანონპროექტი, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.

დღის ამბები