19 სექტემბერი 2024,   04:12
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ შეთანხმებებზე იმსჯელა. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტი)“ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონის უჯრედების რეაბილიტაციისა და პოლიგონზე გაზის შეგროვებისა და უტილიზაციის ობიექტის დასამონტაჟებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს სესხს 16 მლნ ევროს ოდენობით, რომლის ხანგრძლივობა 15 წელია. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდი გამოყოფს გრანტს -4 მლნ ევროს ოდენობით.

დღესვე განიხილეს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მომხსენებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში)“ .

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გერმანიის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, დაეხმაროს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული განვითარება- ურბანული მობილობა ბათუმში“. კერძოდ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გამოყოფს შეღავათიან სესხს 15 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო 1 მლნ ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს ურბანული მობილობის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსებას ქალაქ ბათუმში: ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ველო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ავტობუსის სპეციალური სავალი ხაზების გაფართოება-გაუმჯობესებას.

სარატიფიკაციოდ წარდგენილი „2015 წლის 12 მაისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ დეპუტატებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა გააცნო.

მისი განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება „ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და ოპერირებისთვის აუცილებელი დანადგარების შეძენას, რისთვისაც გამოყოფს 7 მლნ ევროს ოდენობის სესხს , ხოლო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო - 3 მლნ. ევროს ოდენობის გრანტს. სესხი დაყოფილია 2 ტრანშად, თუმცა ცვლილების თანახმად, მეორე ტრანში უქმდება და იზრდება სესხის თანხა 6 მლნ ევრომდე ახალი, მესამე ტრანშის გამოყოფის გზით.

დღესვე მზია გიორგობიანმა კომიტეტს 2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარუდგინა, რომლის თანახმად, ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისთვის, ახალი საკანალიზაციო მილების, სატუმბი სადგურების მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 100 მლნ ევრო. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია. აღნიშნული პროექტისთვის ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილია 4 მლნ 750 ათასი ევროს ოდენობის გრანტი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სასტარტო ფონდიდან გამოყოფილია 3 მლნ 250 ათასი ევროს ოდენობის გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის. ცვლილება ეხება ვადებს, კერძოდ, პროექტის განხორციელების პერიოდი გაგრძელდება 2028 წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტებს.

დღის ამბები