19 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის დინამიკა წელსაც გრძელდება.

"პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 8,4% გვქონდა, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5% იყო. ჯამში, უკვე გვაქვს 9-პროცენტიანი ეკონომიკურ ზრდა. შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,7%-ია. ჩვენ გადავხედავთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მატების მიმართულებით და ბიუჯეტთან ერთად, დავაკორექტირებთ წლევანდელი ზრდის მონაცემებსაც“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია როგორც მიზნობრივ ინფლაციასთან, ასევე იმ პარამეტრთან მიმართებით, რაც 2023 წელს ბიუჯეტით იყო განსაზღვრული და რაზეც გათვლილი იყო ბიუჯეტი.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, შემცირება დაფიქსირდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო ვალდებულებების გასტუმრებით.

მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში საქართველოს 3 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიდან მნიშვნელოვანია გადასახადების მაჩვენებელი.

"საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 11 539 633.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.3%. რვა თვის შესრულება უკვე იმის მაუწყებელია, რომ წლის ბოლოსთვის საგადასახადო შემოსავლებში გადაჭარბება იქნება“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისი ინფორმაციით, გადაჭარბება არის ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

დღის ამბები