19 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შშმ პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში მოისმინა. ანგარიში დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, შშმ პირთა შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც სამინისტროებმა, ასევე, მუნიციპალიტეტებმა და 20-მდე საჯარო დაწესებულებამ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წელს დამტკიცებული ყოველწლიური გეგმების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

მომხსენებლის განცხადებით, შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტების, გაწეული ადამიანური და ფინანსური ძალისხმევის პარალელურად გაიზარდა 2023 წელს ინიციირებული და განხორციელებული აქტივობების რიცხვი.

"აღნიშნული ღონისძიებების მიზნობრიობა და მასშტაბურობა დადებით გავლენას ახდენს შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი რეალიზების პროცესზე. ყურადსაღებია, რომ პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ 2024 წლისთვის დაგეგმილია იგივე და ახალი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ღონისძიებების განხორციელება“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

ანგარიში 7 ძირითადი თავისგან შედგება და შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას წარმოადგენს. იგი ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს.

მომხსენებელმა ისაუბრა: ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებზე, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის საკითხების უზრუნველყოფაზე, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობაზე, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე, განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

ნიკო თათულაშვილმა დეპუტატების მოსაზრებები მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა დადებითაც შეაფასა განხილული ანგარიში.

დღის ამბები