19 სექტემბერი 2024,   04:06
ვრცლად
ვურჩევდი ცესკოს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმოების ნაცვლად, საქმით დაკავდნენ - თინა ბოკუჩავა

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. პარტიები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ამბობენ, რომ ისინი კოდექსში აღნიშნულ პრინციპებს მაინც დაიცავენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ცესკოს მთავარი ამოცანა არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებაა.

"ცესკოს მთავარი ამოცანა, არა სამთავრობო პროპაგანდის წარმოებაა, არამედ არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებაა. მე ვურჩევდი ცესკოს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმოების ნაცვლად, დაკავდნენ საქმით და კეთილსინდისიერად ჩაატარონ 26 ოქტომბრის არჩევნები,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის". გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მათი პოლიტიკური ძალა ყველა წესის დაცვით მოქმედებს.

"ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და არც მოვაწერთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო. მსგავსი ყალბი ხელმოწერის გარეშეც ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა წესის დაცვით მოქმედებს განსხვავებით "ქართული ოცნებისგან",- აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დოკუმენტს ხელი მოაწერა "შეცვალე საქართველომ." განცხადება მისმა თავმჯდომარემ, გიორგი გაგნიძემ გააკეთა.

"ჩვენ თამამად მივედით, მოვაწერეთ ხელი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არა ერთმანეთის ჩარეცხვაზე უნდა იმუშაონ, არამედ მათი მოტივაცია უნდა იყოს ის, რომ ხალხს ისეთი შეთავაზება გაუკეთონ, რომ მათ მხარეს გადაიხაროს მოსახლეობა,“ - აცხადებს გიორგი გაგნიძე.

 

დღის ამბები