19 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში - ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ გვქონდა საშუალება, განგვეხილა საკითხები, რომელიც ეხება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი მექანიზმია, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ემყარება.

"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად თბილი დახვედრისა და სტუმარმასპინძლობისთვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ ის, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გადავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ამგვარად მოვახერხეთ, შეგვექმნა მექანიზმი ეფექტური კონტაქტებისთვის, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც საერთო პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში, ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისკენ.

ჩვენ გვქონდა საშუალება, განგვეხილა საკითხები, რომელიც ეხება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას. მე მივაწოდე ჩემს კოლეგას ინფორმაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესების შესახებ. აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა ალმატის დეკლარაციის 1996 წლის დებულებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესისთვის საფუძველი იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს საერთო პოზიციები. თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ სამშვიდობო ხელშეკრულების 80%-ზე შეთანხმდნენ. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული, ასევე იყო შეთავაზებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. ეკონომიკური ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების სრულფასოვანი ფუნქციონირება უმთავრესია რეგიონული სტაბილურობისა ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტში, რომელიც სომხეთის მთავრობამ შექმნა და რომელიც გავუზიარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თბილისში, ფორუმის დროს.

პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც თანაბრად მიიღებენ სარგებელს. ამიტომაც, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოთ რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში," - განაცხადა ფაშინიანმა.

დღის ამბები