19 სექტემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"10 წელია, თბილისში იმყოფება - სწავლობს, მუშაობდა დაცვაში" - რა უთხრეს "კურიერს" კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე სენაკში

სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. 26 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში, სენაკში. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ. 

"10 წელია, თბილისში იმყოფება. სწავლობს იქ, მუშაობდა დაცვაში. იქ ცხოვრობენ, იქ არის ყველა - დედა, მამა... და გასცემენ პასუხს. [მკვლელობის] მიზეზი არ ვიცი," - აცხადებს ჯაიანის ახლობელი.

კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. მას მრავლობითი დაზიანებები, ცივი იარაღით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. შსს-მ ეჭვმიტანილი - 26 წლის მამაკაცი დააკავა.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ სამეთვალყურეო ჩანაწერებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაული დაახლოებით 14 წუთში მოხდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები