24 სექტემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ამნისტიის ძალაში შესვლას ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება - ვიდრე სალომე ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძეს ხვდება, პატიმრები ელოდებიან, როდის მოაწერს ხელს კანონს და როდის მიეცემათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნების შესაძლებლობა - იონათამიშვილი

რატომ არ აწერს ხელს სალომე ზურაბიშვილი კანონს ამნისტიის შესახებ, რომლის ძალაში შესვლასაც ათასობით პატიმარი ელოდება? უკვე ზუსტად ერთი კვირა გავიდა, რაც პარლამენტმა უმრავლესობის ინიციატივა მესამე მოსმენით მიიღო და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე, ციხეს ათასზე მეტი მსჯავრდებული დატოვებს, 5 ათასზე მეტი კი ეტაპობრივად გათავისუფლდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, რომ ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პატიმრების მდგომარეობის ბედით დაინტერესებული არ არის.

"7 დღეა, არ აწერს სალომე ზურაბიშვილი ხელს ამნისტიის კანონს და ეს ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს პატიმრების მდგომარეობა და ბედი. ფაქტია, რომ ამ ამნისტიის ძალაში შესვლას ელოდება ათასობით პატიმარი და პრობაციონერი და ამაში როდესაც სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურად ხვდება გახარია-ხაზარაძეს, უგემოვნო და უხარისხო შოუებს დგამენ, პატიმრები ელოდებიან, როდის შევა ძალაში ამნისტიის კანონი და მათ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. მისი ეს ქმედება ნათლად აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ადამიანის ბედი, მოქალაქეების ინტერესები და მათ შორის, პატიმართა უფლებები. პარალელურად, ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ის იწყალებს ხოლმე მოძალადეებს, მათ შორის - სამართალდამცველებზე მოძალადეებს. აქედანაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. სტატუსი, რომელიც მას აქვს, არაფრად მიაჩნია და, სამაგიეროდ, არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი და შოუების მონაწილე," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები