24 სექტემბერი 2024,   15:20
ვრცლად
"ვისურვებდი, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს" - ნათია მეზვრიშვილი ამნისტიის შესახებ კანონზე

ამნისტიის შესახებ კანონს, რომელსაც პრეზიდენტი ამ დრომდე ხელს არ აწერს, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

უკვე ზუსტად ერთი კვირა გავიდა, რაც პარლამენტმა უმრავლესობის ინიციატივა მესამე მოსმენით მიიღო და დოკუმენტი, ხელმოსაწერად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის სამართლიანი ამნისტიის პროექტი, რომელსაც ხელისუფლება უნდა იღებდეს. მისი თქმით, სამართლიანი იქნება, თუ მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

"მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა ამას ვეტო დაადოს. ეს ამნისტია ვერ გაიყიდება "ოცნებისგან", როგორც ჰუმანური აქტი. ბუნებრივია, თუ ამას ვეტო დაედება, ეს იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება," - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ამნისტია პოლიტიკური ინტერესებისთვის სჭირდება.

"დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოაწერს ხელს. "ქართულ ოცნებას" ამნისტია სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის. აუცილებლად ყველა, ვინც უკანონოდ არის დაპატიმრებული "ქართული ოცნების" მიერ, ყველა გათავისუფლდება 26 ოქტომბერს, მათ შორის - აქციაში მონაწილე ადამიანები," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები