24 სექტემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"ისრაელის არმია გაფრთხილებთ, მოერიდეთ საფრთხეს - მოგიწოდებთ, ამას სერიოზულად მიუდექით" - ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას მიმართავს

ისრაელმა, შესაძლოა, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ოფიციალური განცხადება გაკეთებულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

"ლიბანის მოსახლეობისთვის გზავნილი მაქვს. ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ისრაელი "ჰეზბოლასთან" ომობს. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, "ჰეზბოლა" გიყენებდათ, როგორც "ცოცხალ ფარს." რაკეტები თქვენს სასტუმროებსა და ავტომობილების სადგომებში განათავსეს. ეს რაკეტები ჩვენი ქალაქებისკენ და მოქალაქეებისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ, ეს შეიარაღება უნდა გავანადგუროთ. დღეს დილიდან, ისრაელის არმია გაფრთხილებთ, მოერიდეთ საფრთხეს. მოგიწოდებთ, ამას სერიოზულად მიუდექით. არ მისცეთ საშუალება "ჰეზბოლას", თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე საფრთხის წინ დააყენოს," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის დარტყმებს ლიბანში 492 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 35 ბავშვია. დაჭრილია 1 645 მოქალაქე. ისრაელმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ათასზე მეტ სამიზნეს დაარტყა. საპასუხოდ, "ჰეზბოლამ" ლიბანიდან, ისრაელის მიმართულებით, 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

დაღუპულებთან და დაშავებულებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფის საგანგებო ოპერაციების ცენტრის მონაცემებით, დაიღუპა 274 ადამიანი. მათ შორის - 21 ბავშვი და 39 ქალი. ეს ის მონაცემებია, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს. კიდევ არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათ შესახებ ინფორმაციას ვარკვევთ," - აღნიშნა ფარიზ ალ-ებიადმა.

 

დღის ამბები