"გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, ვერ ისწავლეს, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯების მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
"გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.