24 სექტემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ენჯეოები, არაფრით განსხვავდებიან ე.წ. პოლიტიკოსებისგან - რატი იონათამიშვილი ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებზე

ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, აღნიშნული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელზეც დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობდა, "პოლიტიკურ ენჯეოებს" წარმოადგენენ.

"ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ენჯეოები, არ აინტერესებთ სამოქალაქო უფლებების ადვოკატირება. აინტერესებთ არა ის, რასაც უნდა ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი ფორმით, არამედ - მხოლოდ პოლიტიკური, თანაც რადიკალური დღის წესრიგი. ისინი არაფრით განსხვავდებიან ე.წ. პოლიტიკოსებისგან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან და ეს მთლიანი ორგანიზმი რომ არის, ამის შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

შესაბამისად, დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მოლოდინი ასეთი ადამიანებისგან და ორგანიზაციებისგან საერთოდ არ არის, მათ არ აინტერესებთ დემოკრატიული პროცესები. შესაბამისად, როგორც რადიკალურ ოპოზიციას ეტყვის უარს ჩვენი საზოგადოება, ისე - ამ ადამიანებს, ვინაიდან ეს ერთი და იგივეა. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ესენი დადებენ, საბოლოო ჯამში, იმ ნიმუშს, თუ როგორი არ უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები" არიან და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. უწყების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "აირჩიე ევროპა" ხელმძღვანელებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი ვალდებულები იქნებიან, 5 დღის ვადაში, ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ. 

ანტიკორუფციულ ბიუროს უკვე უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ," - ორგანიზაცია გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს და მიზნად სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ასახელებს.

 
დღის ამბები