24 სექტემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"არავის უკვირს, რომ ეს ადამიანები პირდაპირ არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში" - გორდულაძე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" სუბიექტებად ცნობილ ორგანიზაციებზე

ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, არავის უკვირს, რომ აღნიშნული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელზეც დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობდა, ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ მოქმედებენ. 

"არავის უკვირს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები პირდაპირ არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და "ქართული ოცნების," რაც მთავარია, ქართული ხალხის საწინააღმდეგოდ აკეთებენ ყველაფერს. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ წარადგინონ ანგარიში, კანონთან შესაბამისია და კანონის მოთხოვნები უნდა შესრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, გვახსოვს, მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში მითითებული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონი არ უნდა შეასრულონ და სხვა ყველა დანარჩენმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიღებული ჯარიმები გადაიხადონ. პირდაპირ მოწოდებაა, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამაში ხელი შეუწყონ გარე აქტორებმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი რამ სხვაგან თუ ხდება, მე არ წარმომიდგენია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები" არიან და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. უწყების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "აირჩიე ევროპა" ხელმძღვანელებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი ვალდებულები იქნებიან, 5 დღის ვადაში, ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ. 

ანტიკორუფციულ ბიუროს უკვე უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ," - ორგანიზაცია გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს და მიზნად სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ასახელებს.

 

 

დღის ამბები