24 სექტემბერი 2024,   17:18
ვრცლად
"შუკა-შუკა, შარა-შარა დასდევს ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს" - ანა დოლიძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის განცხადებაზე

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. ანა დოლიძის შეფასებით, კითხვებს აჩენს რაჟდენ კუპრაშვილის დამოკიდებულება ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ.

"კუთხე-კუთხე, შუკა-შუკა, შარა-შარა დასდევს ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. აქ ნამდვილად არის კითხვები დასასმელი ბატონი რაჟდენის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით," – აცხადებს პარტიის "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თავმჯდომარე, კოალიცია "ძლიერი საქართველო" ანა დოლიძე.

"გახარია საქართველოსთვის" წევრები კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რამდენად სამართლიანად უდგება საკითხს ანტიკორუფციული ბიურო.

"მე არ ვიცნობ ასე დეტალურად ამ ორგანიზაციების საქმიანობას, რომ ვთქვა, რომ რაღაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ამიტომ, ჩემი მხრიდან, ალბათ, ამის შეფასება სწორი არ იქნება. პირველი კითხვა, რაც იქნება, რის გამოკვლევასაც ჩვენ შევეცდებით, რამდენად სამართლიანად უდგება საკითხს ანტიკორუფციული ბიურო," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები" არიან და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. უწყების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "აირჩიე ევროპა" ხელმძღვანელებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი ვალდებულები იქნებიან, 5 დღის ვადაში, ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ. 

ანტიკორუფციულ ბიუროს უკვე უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ," - ორგანიზაცია გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს და მიზნად სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ასახელებს.

 
დღის ამბები