28 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ჭარბწონიანი ძაღლებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ბაღში სიარულია - რას გვირჩევს კინოლოგი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის

შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, დღევანდელი აჩქარებული რიტმის პირობებში, გარკვეულ სირთულეებსაც ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ აქტიურად დაკავებულ ადამიანებს ერთგული ოთხფეხა მეგობრის მარტო დატოვება უწევთ და თუ თქვენი სახლის ერთგული წევრი მარტო დარჩენისას სტრესის ქვეშ არის, გამოსავალი ძაღლებისთვის ბაღის ტიპის დაწესებულების არსებობაა.

მსგავსი სერვისი მრავალ ქვეყანაში უკვე კარგად აპრობირებული და პოპულარული მეთოდია.  ბაღში შეგიძლიათ საიმედო სიტუაციაში დატოვოთ ძაღლი, თქვენ კი მშვიდად დაკავდეთ საქმით და არ გქონდეთ დანაშაულის შეგრძნება სახლში მარტო მყოფი ოთხფეხა მეგობრის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაციის თვალსაზრისითაც - თქვენი ოთხფეხა მეგობარი შეიძენს სხვა მეგობრებსაც, ისწავლის სხვა ძაღლებთან ურთიერთობას და დროსაც მხიარულად გაატარებს.

"რუსთავი 2" შეეცადა პროფესიონალთან გაერკვია, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიმართოთ სპეციალურ ბაღს და რა სასიკეთო დატვირთვა ექნება თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის სწორად შერჩეულ ადგილს.  როგორც კინოლოგი, ჰენდლერი და Mebo"s Dog Campus-ის დამფუძნებელი მებო წიკლაური ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, უპირველესად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ადგილს.

- რატომ და რა შემთხვევაში შეიძლება მივმართოთ ბაღს?

- ბაღი ძალიან კარგია ჩვენი ძაღლების სწორად განვითარებისთვის. ისეთი ძაღლებისთვის, რომლებსაც პრობლემა აქვთ ურთიერთობის, რომლებსაც ეშინიათ და ქუჩაში გაყვანის დროს სხვა ძაღლებს ერიდებიან, ასეთ დროს ბაღში ვაჩვევთ და ადაპტირებას გადიან სხვა ძაღლებთანაც. ნელ-ნელა ხდება შეჩვევაც და თამაშიც.  ასევე ბაღი კარგია მაშინ, როდესაც ძაღლს ზედმეტი წონა აქვს და პატრონი ვერ უზრუნველყოფს მის სწორად და იმ დროით დატვირთვას, რა დატვირთვაც რეალურად სჭირდება ცხოველს.  ასევე ბაღი არის კარგი გამოსავალი მათთვის, ვისაც სახლში არ ყავს დამტოვებელი და თითქმის ყველა ძაღლისთვის სტრესულია სახლში დიდი ხნით მარტო დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ ეს სისტემატურ ხასიათს ატარებს.  ბაღში სიარულისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო არის კვირაში 3 დღე, ადრე გვქონდა კვირაში 5 დღე დაწესებული, თუმცა ისე იღლებოდნენ ძაღლები, რომ სახლში მისვლის დროს პატრონთან კომუნიკაციის და თამაშის უნარი აღარ ჰქონდათ.  სამი დღე არის იდეალური დრო, ასწრებენ დაღლასაც, მომდევნო დღეს ისვენებენ სახლში და ნაყოფიერ დროს ატარებენ პატრონებთანაც, ეს ძაღლების მენტალური მდგომარეობისთვისაც ოპტიმალური დღეებია,"- აცხადებს კინოლოგი მებო წიკლაური.

დღის ამბები