01 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე: ეს ადამიანები სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, დღეს კი ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან დგამს ნაბიჯებს, აბსურდული განცხადებაა

აბსურდული და უსაფუძვლო - ასე აფასებს მმართველი გუნდი იან კელისა და დევიდ კრამერის მორიგ წერილს, რომელიც "ჰილსში" გამოქვეყნდა. სტატიაში კელი და კრამერი წერენ, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა სანქციები უნდა დაუწესოს ქვეყნის ოლიგარქებს.

"შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ გამოიყენებს ფინანსურ ბერკეტს თავად ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ გზას, რომელიც დამღუპველი იქნება ქართველი ხალხისთვის და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის,“ ნათქვამია ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის და საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის წერილში.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია ამერიკელი კონგრესმენების განცხადება, რომ აშშ-მა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს, რათა საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, არჩევნების თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ იმ ბოროტებას, იმ საბომჟეთს, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც "კოლექტიური ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა.

ზუსტად არ მახსოვს ვინ, მაგრამ რომელიღაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ადრე კარგი სათამაშო იყო და დღეს ეს სათამაშო დაზიანებულიაო. წარმოგიდგენიათ ჩვენს ქვეყანასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ საქართველო თურმე ვიღაცის, თუნდაც ამერიკის სათამაშო ყოფილა? ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ. აგენტი რომ ხარ როგორ უნდა გქონდეს ან ხედვა, არანაირი ხმის და კითხვის დასმის უფლება არა გაქვს. ამ რადიკალებს და ამ ბოროტებას 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები