საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საკითხზე. კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრმა მიმართა ანტიკორუფციულ ბიუროს და აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისთვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის ასარიდებლად, მიზანშეწონილად მიმაჩნია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას."
ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულწილად უკვე პოლიტიკური აქტორები არიან და არ ღირს "მტრის ხატის შექმნა იმ ხალხისგან, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ".
"მე მგონი, მტრის ხატის შექმნა იმ ხალხისგან, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ენჯეოებს, რომლებიც აკვირდებიან, უმეტესწილად ისე აქვთ სახელი გატეხილი, რომ არაფერი არ შეიცვლება, ისინი რომ დააკვირდნენ არჩევნებს. მეტიც, ისინი რომ პოლიტიკური აქტორები არიან, ესეც ცნობილია და მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ვიღაცას პოლიტიკურად მოტივირებული აკვირდებოდეს. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციას აქვს 20 ათასზე მეტი კვოტა საარჩევნო უბნებზე და გასაგებია, რომ ყველა ჩვენ, დანიშნული ოლქის წევრი იქნება თუ ცესკოს წარმომადგენელი თუ ა. შ. პოლიტიკურად მოტივირებულია, ამას არავინ არ მალავს, ეს ისედაც გასაგებია. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ეს ენჯეოები ამბობენ, რომ ისინი ნეიტრალურები არიან, რაც ბუნებრივად ტყუილი იქნება ბევრ შემთხვევაში. მაგრამ, ამის იქით რა პრობლემაა, რომ რომელიღაც ენჯეო დააკვირდეს, რომელსაც რომელიმე პარტია მოსწონს. მთავარია ეს ღიად კეთდებოდეს და ეს შეზღუდვა ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას", - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის თქმითვე, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ პარტიასთან არის აფილირებული.
"პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი არ არსებობს ამ სამყაროში. პოლიტიკურად ნეიტრალური ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს პოლიტიკა და მაშინ ვერ იქნებოდი ენჯეოში, რომელიც არჩევნებს, ყველაზე პოლიტიკურ პროცესს, აკვირდება. ალბათ იქნებოდა სწორი მოითხოვო ღიად პოლიტიკური აფილაცია, რომ მაყურებელმა იცოდეს, რომელიღაც ენჯეო რომ წერს დასკვნას, რომელ პარტიასთან არის აფილირებული," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.