ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ის "ქართული ოცნების" 12 წლიან მმართველობას აჯამებს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ ბევრი მიმართულებით უკუსვლა განიცადა.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის.
"ივანიშვილის ეს ტექსტი ყველაზე კარგად ასახავს იმ 12 წელს, რომელიც ამ ქვეყანამ გაატარა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღევანდელ დღემდე. ეს არის ტოტალური ტყუილის პერიოდი ამ ქვეყანაში. 100-ზე მეტი ტყუილი დავთვალეთ იმ დაპირებებში, რომელიც 8 არჩევნების მანძილზე ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს მოქალაქეებს და არ შეასრულა", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძის მტკიცებით კი, ქვეყანაში ბევრი პრობლემა არსებობს.
"გაუფასურებელია ლარის კურსი, სურსათზე გაორმაგებულია ფასები, ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა, თუმცა, ეს ჩამონათვალი არაფერია იმასთან, რასაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" საქართველოს დასავლური მისწრაფების წინააღმდეგ აკეთებენ," - აცხადებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე.