პარტია "გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ქარტიას, რომლის გარშემოც ოპოზიციონერი ლიდერები გაერთიანდნენ, იდეა არ გააჩნია და ის თავიდანვე განწირული იყო.
როგორც რაქვიაშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" აღნიშნა, თავად პრეზიდენტს არ აქვს იმედი, რომ ამ ქარტიაში მითითებულ პუნქტებს, ოპოზიციონერი ლიდერები შეასრულებენ.
"ქარტია ყველას დაავიწყდა. ისინიც კი, ვინც ხელი მოაწერა, სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ დოკუმენტს. კარგი მაგალითია, რომ არანაირი მარტივი შეთანხმებები, მით უმეტეს ისეთი შეთანხმებები, რომლის უკან არც იდეოლოგია დგას და არც პრინციპები და უბრალოდ ბელადების შეთანხმებაა, შინაარსობრივად არანაირი ღირებულება არ აქვს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ვერ იძლევა გარანტიას, შესრულდება თუ არა ქარტია. თუ არ შეასრულებენ ოპოზიციური პარტიები, ამომრჩეველმა შეიძლება ეს შემდეგ არჩევნებზე გაითვალისწინოს, ანუ თვითონ არ აქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი შესრულდება.
ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში იდეოლოგიის დეფიციტი რომ ,არის ძალიან ძნელია ოპტიმისტურად უყურო რაღაც შეთანხმებებს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილის თქმით, ეს დოკუმენტით თავიდანვე მკვდრად არის დაბადებული და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოუწოდებდნენ უცხოელი პარტნიორები ოპოზიციონერებს, რომ აღნიშნულ ქარტიაზე მოაწერონ ხელი.
"არ მახსენდება რომელიმე ელჩს ან საერთაშორისო ორგანიზაციას ეთქვა, ქარტიას მოაწერეთ ხელიო. არაერთი შეხვედრა გვქონდა დიპლომატებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ თუ პრეზიდენტი ამბობს ამას, თავად უკეთ იცის, ამიტომ დავუჯერებ პრეზიდენტს, ალბათ საერთაშორისო პარტნიორები ვიღაცას მოუწოდებდნენ, რომ ეს გაეკეთებინათ.
ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდებოდათ ეს. ჩანს, რომ მკვდრად დაბადებული დოკუმენტია და არანაირი ხეირი ოპოზიციას ამისგან არ აქვს, პირიქით, სინამდვილეში, გვაზიანებს ოპოზიციას ეს ქარტია, იმიტომ, რომ ჩემი კოლეგები არ ლაპარაკობენ როგორი საქართველო შეიძლება იყოს თუ "ქართული ოცნება" წავა, გაურბიან საუბარს და ამბობენ, რომ ქარტია გვაქვსო და ქარტიაში არაფერი წერია განსაკუთრებული, ამიტომ, ოპოზიცია დაზიანდება. თუ უცხოელი მრჩევლები პრეზიდენტს ოპოზიციის დაზიანებას ურჩევენ, ძალიან ცუდი",- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.